Posted by: kundzuli on: July 4, 2011
არის ერთი ბლოგი, რომლის არსებობის შესახებ ჯერ ალბათ არ გაგიგიათ, მაგრამ სჯობს, გაიგოთ. სამართლიანი იქნება, სანამ დავლინკავ, წარმოდგენა შეგიქმნათ იმაზე, რაზეც ვსაუბრობ. მოდი, დამატებითი მოტივაციისთვის ბლოგის ავტორების შესახებ ვიტყვი ერთი–ორ სიტყვას. ეს ბლოგის უძლიერესი მხარეა (სამაგიეროდ, იმას დავმალავ, რომ ბლოგი ბლოგსპოტზეა :დ)
მოკლედ, ბლოგს რამდენიმე ავტორი ჰყავს და ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ თითოეული მათგანი ძალიან მაგრად წერს. მათი სახელები რამეს მაინც უნდა გეუბნებოდეთ: იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა–ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე და კიდევ სხვები, ვისი სახელებიც ასევე არაა უმნიშვნელო.
თემატიკა _ დემოკრატიული ღირებულებებია: ქალთა, ბავშვთა და ზოგადად, ადამიანთა უფლებები, განათლება, სამოქალაქო აზროვნება, პრესის თავისუფლება, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.
Posted by: kundzuli on: July 2, 2011
დღეს ვნახე, როგორ დაარტყა ბავშვს დედამ რამდენჯერმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ნაყინი დაუვარდა. ადგილზევე გავშეშდი. დიდი ხანია, ეგეთ სცენას აღარ შევსწრებივარ. როგორ მინდოდა, რომ აღარც შევსწრებოდი.
ვიფიქრე, მივალ და ვეტყვი, ბავშვის ცემა როგორ შეიძლება-მეთქი, თუმცა რომ გავიფიქრე, რას მიპასუხებდა, მისვლის სურვილი დამეკარგა. მეტყოდა ან: შენი რა საქმეა? ან: ჩემი შვილია და როგორც მინდა, ისე მოვექცევი. ან: შენ გაზარდე შვილი უკეთესად. მეტყოდა და მერე რაღა უნდა მექნა? დავმდგარიყავი და მეკითხა ლექცია ბავშვთა უფლებებზე? შეამცირებდა თუ არა ეს განმეორებითი (განმესამებითი, განბევრებითი) ძალადობის შანსს? ვფიქრობ, რომ არა. საერთოდ, არა.
Posted by: kundzuli on: June 25, 2011

სანამ კარგი გოგო/ბიჭი ხარ, მშობლებიც ყველაზე კარგები არიან და შენც შეგიძლია მოჩვენებითი თავისუფლებით დატკბე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ყოველდღე 8 საათზე ბრუნდები სახლში, მაშინ ვერასდროს გაიგებ, რა ისტერიკის მოწყობა შეუძლიათ მშობლებს, თუ ერთხელაც 12 ზე მიხვალ. გგონია, რომ მშობლები პროფესიის არჩევაში სრულიად გენდობიან? აბა მსახიობობა მოინდომე, ან რამე ეგეთი ,,უქნარა” პროფესია და მერე განსაჯე. გგონია, რომ მშობლები მზად არიან ყველა მიიღონ, ვინც კი შეგიყვარდება? სულაც არა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ კანდიდატურას მიიღებენ, რომელიც მათთვის ისედაც მისაღებია და თან დაგაჯერებენ, რომ შენი არჩევანი კომპრომისი კი არაა, უბრალოდ შენი არჩევანია.
Posted by: kundzuli on: June 23, 2011
არსებობს დღეები, როცა უბრალოდ გიწევს გარეთ იყო. იმიტომ, რომ ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ, რომ ვიღაცას ელოდები, იმიტომ, რომ ჯერ სახლში არ გინდა მისვლა და რავიცი კიდევ რატომ. ასეთ დროს ძირითადად პარკში ვჯდები და ვკითხულობ. ქინდლში უამრავი წიგნი მაქვს, ჩანთაში _ 2. თუ ქინდლს ვირჩევ, პირველ რიგში ვაიფაის ვამოწმებ. ამ რიტუალს აზრი არ აქვს, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ ვაიფაი ნამდვილად არ არსებობს. ან თუ არსებობს, პაროლი ადევს და თუ პაროლი ადევს, ეს პაროლი 12345678 არაა. პრინციპში, ყველა პრობლემას აქვს დადებითი მხარე. ინტერნეტის არარსებობის პირობებში მარადიული დილემის [ წიგნი თუ ინტერნეტი] გადაჭრა გაცილებით ადვილია. კითხვას ვიწყებ და 10 წუთში ვამჩნევ, რა მოუხერხებელია ხის სკამზე ჯდომა. მოვკალათდებოდი, მაგრამ ფეხების შეკეცვა ფორმიანებისგან სასტიკად აკრძალული მაქვს. სწორედ ამ დროს ჩემს თავში საიდანღაც შემოდის დასავლური სურათი: გოგონები და ბიჭები, რომლებიც წიგნებით ხელში დაბალ ხასხასა ბალახზე წვანან. მერე ეს სურათი გადის და სანაცვლოდ გადახეხილი, მოთელილი და რაღაცისუნიანი გაზონი რჩება. fuck my life
ბეტონის ღობეზე ვინაცვლებ. აქ შეგიძლია შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოთავსდე. ფეხები შეკეცო, ან მუხლებს დაეყრდნო, ან სულ ცოტათი წამოწვე კიდეც. კითხვას ვაგრძელებ, მაგრამ 2 წუთში ისევ ვჩერდები.
_ შეიძლება, რაღაც გითხრათ?_ მეკითხება შუა ხნის კაცი, რომლის მოახლოებაც არ მიგრძვნია.
Posted by: kundzuli on: June 16, 2011
პოლიტიკაზე ვერ ვწერ. არ შემიძლია. არ გამომდის იმ მოვლენების ანალიზი, ქართულ პოლიტიკაში რომ ხდება და პრინციპში, ინფორმაციაც არ მაქვს. იმდენი პარტია იქმნება, იმდენჯერ ერთიანდებიან და იშლებიან… ვერ ვეწევი. თვალს ვერ ვადევნებ. სერიალივითაა. დასაწყისი არ მინახავს და გაგრძელება არ მაინტერესებს.
შეიძლება, ეს პრობლემაა. შეიძლება ეს ჩემი პრობლემაა, ან ზოგადად, ჩემი თანატოლების. ჩვენ ხომ პოლიტიკას ისე ვუყურებთ, როგორც შოუს (თუ საერთოდ ვუყურებთ). ყოველგვარი თანამონაწილეობის განცდის გარეშე. თითქოს, ჩვენი ბედი პარლამენტის გადაწყვეტილებებს ოდნავადაც არ უკავშირდებოდეს. თითქოს, ჩვენი ცხოვრება მართლა მხოლოდ არყის ბოთლების ერთმანეთისთვის გადაწოდება და მოსაწყენ ივენთებზე სიარული იყოს.
რისი ბრალია ასეთი გულგრილობა?
Posted by: kundzuli on: June 9, 2011
ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, კონფორმიზმი გაბატონებულ შეხედულებებთან შეგუებაა. კონფორმიზმი ნიშნავს, რომ იქ იყო, სადაც ყველაა და თავს კარგად გრძნობდე.
კონფორმიზმია _ სადაც მიხვალ, იქაური ქუდის მორგება და საერთოდაც, ,,მორგება” კონფორმიზმია.
ნონ-კონფორმიზმი არის რაღაც საშუალო სიმამაცესა და სიჯიუტეს შორის. ხანდახან ნონ-კონფორმიზმი არის თავშესაფარი მათთვისაც, ვისაც კონფორმისტობა არ გამოუვიდა. ზოგჯერ ნონ-კონფორმიზმი გმირობააა, ხანდახან კი _ მარაზმი. ეს იმ შემთხვევაში თუ ნონ-კონფორმიზმს ხალხი უკვეთავს. უმრავლესობის დაკვეთის შესრულება ხომ თავისთავად კონფორმიზმია.
მოკლედ, თუ ასრულებ უმრავლესობის დაკვეთას, იყო ნონ-კონფორმისტი, კონფორმისტი გამოდიხარ. ხოკაია?
Posted by: kundzuli on: June 3, 2011
ამასწინათ ინტერნეტში ,,ჩიკაგო ტრიბუნის” საინტერესო რუბრიკას გადავაწყდი: ჰკითხე ემი-ს ჰქვია. ყველაფერზე ეკითხებიან, დაწყებული ინტერნეტ-დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სუიციდის თემატიკით. ერთმა კითხვამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება იმის გამო, რომ ეს თემა: რელიგიისა და სქესობრივი აღზრდის ურთიერთკავშირი_ ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია:
ძვირფასო ემი, მე და ჩემი ქმარი გულმხურვალე კათოლიკები ვართ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს 7 წლის ბიჭს ,,ცხოვრებისეული ფაქტების” შესახებ არაფერი ვუთხრათ, სანამ ზრდასრული არ გახდება.
მაგრამ ყველაფრის იგონირირება ვერ მოვახერხეთ და როცა ის პირველად დაინტერესდა საკითხით: საიდან მოდიან ბავშვები, ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როცა შვილი მთელი გულით გინდა, მას წმინდა მარიამი კართან გიტოვებს.
ჩემმა დამ კარგად იცის, როგორ ვუფრთხილდებით ჩვენი შვილის ფსიქიკას, მაგრამ ჩვენს არჩევანს პატივს არ სცემს. ის ახლა ფეხმძიმედაა და როცა სტუმრად გვეწვია, ეცვა მაისური, რომელსაც ,,ბავშვის მოლოდინში” აწერია.
მისი წასვლის შემდეგ კი ბავშვმა ისეთი კითხვები დამისვა, რომლებზე პასუხის გაცემაც ნამდვილად არ მინდოდა. რა უნდა ვქნა, თუ ეს პრობლემა მომავალშიც გაჩნდება?
მძიმე შემთხვევა არაა? ძალიან მეცოდება მათი შვილი, რომელიც სავარაუდოდ ვერასდროს მიიღებს სანდო ინფორმაციას სექსის შესახებ, ძალიან მალე დაიწყებს სქესობრივ ცხოვრებას, ვინმე გოგოს დააფეხმძიმებს და მერე გაკვირვებული იკითხავს: კი მაგრამ, მე ხომ წმინდა მარიამისთვის არაფერი მითხოვიაო?
ემიმ კი ასე უპასუხა:
Posted by: kundzuli on: May 29, 2011
მე არ ვარ ძალიან ჭკვიანი.
არც საკმარისად განათლებული.
და არც უცნაური, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, როცა სათქმელი არაფერი აქვთ.
არ მიყვარს წიგნების კითხვა ფილოსოფიის შესახებ.
არ მიყვარს, როცა შენიშვნებს მაძლევენ
და საერთოდაც, დიდაქტიკა ნერვებს მიშლის.
ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ გამაჩნია და იმ მხარის პოზიციას ვემხრობი, ვინც უფრო დიდ დროს ხარჯავს ჩემს დარწმუნებაზე.
არ მიყვარს, როცა კამათში ავტორიტეტებს ციტირებენ.
არ მიყვარს, როცა კამათი ისე წყდება, რომ ყველა არგუმენტის თქმას ვერ ვასწრებ.
Posted by: kundzuli on: May 20, 2011
საშინელებაა, როცა იცი, რომ ცხოვრების რა ეტაპზეც არ უნდა იყო, საზოგადოება მხოლოდ მამაკაცთან მიმართებით განგიხილავს და სტატუსებსაც ამის მიხედვით გაწებებს. აი, მე, მაგალითად, საზოგადოებისთვის გასათხოვარი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გათხოვებას არ ვაპირებ და შეიძლება საერთოდაც არ ვაპირებდე.
არ გეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი შეურაცხმყოფელია?
Posted by: kundzuli on: May 11, 2011
მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, ერთ 10 სატანისტთან მაინც ვმეგობრობდი. სატანისტები საკუთარი სურვილით ერქვათ, თორემ თანატოლებისგან მხოლოდ ის განასხვავებდათ, რომ ვიკიპედიაში ლავეის ბიოგრაფია ყურადღებით ჰქონდათ წაკითხული. საკმარისად უცნაურები იყვნენ იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხი მიშტერებოდა (რკინის აქსესუარები, გრძელი თმა, ტყავის შარვლები) და საკმარისად ჩვეულებრივები იმისთვის, რომ მათთან ურთიერთობა შესაძლებელი ყოფილიყო.
ხოდა, მეც ვურთიერთობდი.
ერთად ვხატავდით ხოლმე ნახატებს, რომლებიც მხოლოდ ,,ლურჯა ცხენების” ილუსტრაციებად თუ გამოდგებოდა, ვწერდით თეთრ ლექსებს სიკვდილზე ქართულად და ინგლისურად, ვუსმენდით დეს-მეტალსა და ბლექ-მეტალს და უნდა ვაღიარო, რომ დროდადრო ხელებსაც ვისერავდით. აი, კატები კი არასდროს დაგვიხოცავს. არც სულები გამოგვიძახებია. ამისთვის ზედმეტად ჭკვიანები ვიყავით.
მე არასდროს მითქვამს, სატანისტი ვარ-მეთქი და არც ისინი ამბობდნენ ხშირად, მაგრამ როცა ამბობდნენ, თვითონვე ხალისობდნენ ამ ამბავზე. ვიცოდით, რომ ეს სტატუსი რელიგიური ანეკდოტების მოყოლის უფლებას იძლეოდა და მორჩა. მეტი არც არაფერი.
მერე სკოლა დავამთავრეთ და ნელ-ნელა დავიშალეთ. მათ რა ბედი ეწიათ, არც კი ვიცი. ალბათ, გაიზრდებოდნენ, თმას შეიჭრიდნენ და რამე პროფესიას დაეუფლებოდნენ. ეჭვი მეპარება, ისევ ისეთები დარჩენილიყვნენ.
Recent Comments